X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის მეორე ეტაპი იწყება

15 დეკემბერი 2020


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა  „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში“ ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვას.

ამ ეტაპისთვის, ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვა 21 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია და იწყება მეორე ეტაპით განსაზღვრულ 21 მუნიციპალიტეტში. ამასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა დისტანციური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, აგრეთვე წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები. 

ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად. პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემის დანერგვას, რაც საჭირო მოდულების ადაპტაციას და მათ დანერგვას გულისხმობს, ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA).

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქში. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთეული მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

ელექტრონული სერვისები ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; რეკრეაცია; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ქონების მართვა; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები.

მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ამოცანას - შექმნას პირობები თანაბარი რეგიონული განვითარებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის და გამჭვირვალეობის ზრდას.